"ხომ იცით ხმა ვის უნდა მისცეთო?!... " | ვეტერანი სამხედრო ამბობს, რომ კობა კობალაძე მოკვლით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

2008 წლის ომის ვეტერანი, ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიების მონაწილე ამბობს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის თქმით, სამი დღის წინ  "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა კობა კობალაძემ ქუთაისში ვეტერანები შეკრიბა და  მოსთხოვა, რომ  არჩევნებზე მხარი სახელისუფლებო პარტიისთვის დაეჭირათ, რაც 39 წლის კაცმა გააპროტესტა და შეხვედრა დატოვა.

ვეტერანის თქმით, ამის შემდეგ მას კობალაძემ დაურეკა და ლიკვიდაციით  დაემუქრა. მისივე თქმით, გუშინ ღამით სახლში უცნობმა პირებმა მიაკითხეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

"ვეტერნთა კავშირის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩამოსული, შეგვკრიბა ვეტერანები და თქვა, რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ხომ იცით ხმა ვის უნდა მისცეთო?! ავდექი და გამოვიკეტე კარები და წამოვედი. ამის მერე დამირეკეს რამდენჯერმე, მომაკითხეს სახლში, დამემუქრნენ მოგკლავთო, მუხლებს დაგიხვრიტავთო... კობა კობალაძემ გაგანადგურებთო".  ამბობს ვეტერანი სამხედრო. 

ის დახმარებას და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. 

კობალაძე მძიმე ბრალდებებს უარყოფს, იცინის და ამბობს, რომ თუ ვინმეს რამე მტკიცებულებები აქვს, პოლიციას მიმართოს:

"ფანტაზიას საზღვარი არ აქვს...ვიღაცას ფანტაზია აქვს უსაზღვრო, მე რა ვქნა? თუ ფაქტი აქვს მიმართოს პოლიციას" - უპასუხა კობალაძემ "მთავარ არხს" და არ თქვა მართლა იმყოფებოდა თუ არა ქუთაისში: - "თქვენთან შევაჯერო სად ვიმყოფებოდი? ეგ ჩემი საკითხია" - ამბობს კობალაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი