"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონული ოფისი ცოტა ხნის წინ თერჯოლაში გაიხსნა. კოალიციის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ დეტალურად მიიღეს ინფორმაცია, გააცნეს საკუთარი ხედვებიც.
ადგილობრივები საუბრობენ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, რაც მათ აიძულებს ემიგრაციაში წავიდნენ. ხალხი ამბობს, რომ ახალგაზრდები უპერსპექტივობის გამო მასიურად ტოვებენ სოფლებს და მთლიანად რეგიონს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებას საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელოვნურად აქვს გაბერილი შტატები და მხოლოდ პარტაქტივს ასაქმებს. გარდა ამისა, ხალხი სოფლებში არსებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს.
კოალიციის ლიდერები დღეს თერჯოლაშიც იმყოფებოდნენ, დღესვე დაგეგმილია რეგიონული ოფისების გახსნა ბაღდათსა და ჭიათურაში.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების მთავარი გზავნილი რეგიონების მოსახლეობისთვის არის ის, რომ აუცილებელია რეალური დეცენტრალიზაცია და რეგიონების ადგილობრივ დონეზე ეფექტური მართვა.