"კოალიციამ ცვლილებისთვის" კიდევ ერთი რეგიონული ოფისი ამჯერად ჭიათურაში გახსნა - სულ კი ბოლო ორი დღის განმავლობაში 8 ასეთი რეგიონული ოფისი გაიხსნა რაჭაში, ლეჩხუმსა და იმერეთში. როგორც კოალიციის ლიდერები ამბობენ, მოსახლეობა მათთან მთავარ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და ეს ძირითადად ეკონომიკური პრობლემებს უკავშირდება.
"ძირითადი პრობლემები, რაზეც საუბრობენ, ცხადია, არის ეკონომიკური ხასიათის, სოციალური ხასიათის. მიგრაცია აწუხებთ ძაან. რეგიონები არის დაცლილი და ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ფაქტობრივად ოჯახი აღარ არის დარჩენილი, სადაც ვიღაცა არ არის სადღაც წასული და ახლაც მაგაზე ვსაუბრობდით აქ, რომ ქალაქები არის ევროპაში, მაგალითად, ბაღდათში გვითხრეს, რომ ბარიში ცხოვრობს 80 ათას ქართველამდე, რამდენიმე ათეული ათასი, შეიძლება მთლად 80 ათასი არა, მაგრამ ბევრი არის, უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს ბარიში, ვიდრე ძალიან ბევრ ქალაქში საქართველოში. ეს არის სერიოზული პრობლემა. მთავარი პრობლემა რაც არის ამ ყველაფრის გამომწვევი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ყველა რეგიონში ივანიშვილს ჰყავს თავისი საკუთარი ადგილობრივი ფეოდალები, რომლებსაც ჩაბარებული აქვს ფაქტობრივად ეს რეგიონები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იგებენ ყველა ტენდერს, ყველა ლიცენზიას რაღაც წიაღისეულის მოპოვებაზე, აქვთ უამრავი ფული და მერე ამ ფულით მართავენ ადგილზე სიტუაციას. სამაგიეროდ, ეს ხალხი, ცხადია, რჩება ღარიბი. აქ, ჭიათურაში, განსაკუთრებული სიტუაციაა, ცნობილი არის "რიჟა" არის მისი მეტსახელი, ყველაფერი მისია აქ"... - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
"...მართლა ჯავრის გორგალი მოგაწვება და დაგახრჩობს ბრაზი, როცა იცი, რომ მილიონებს შოულობენ, შოულობენ, შოულობენ, შოულობენ და აღარ იღლებიან ამ მილიონების შოვნაში. ცათამბჯენი, კორპუსი, ცათამბჯენი, კორპუსი... დედამიწის ქერქშიც იქექებიან, ყველაფერი სიმდიდრე იქიდან ამოაქვთ კორუფცია ყვავის და ელემენტარული სოციალური პრობლემების მოგვარებაც კი ვერ ხერხდება და სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება... ვიზე ნაწილდება ეს გაზრდილი ეკონომიკა, ჭიათურელებზე ნაწილდება? ბაღდათელებზე ნაწილდება? ვიზე ნაწილდება, ვანელებზე, ხონელებზე, ზუგდიდელებზე, ქუთაისელებზე, თუ ვიზე ნაწილდება. ნაწილდება ივანიშვილებზე, კობახიძეებზე, კალაძეებზე... ეს ხომ უკვე აღარ არის ვარაუდი, ეს არის ფაქტი და 26 ოქტომბერი იძლევა შესაძლებლობას, აი ამ უამრავ უსამართლობას დაესვას წერტილი", - ამბობს ნიკა მელია.