ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში დღეს დილიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა - შესაბამისი განცხადება გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გააკეთა:

"ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა […] გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე" - განაცხადა გლადკოვმა ვიდეომიმართვაში.

რუსეთში საგანგებო რეჟიმი ითვალისწინებს, საგანგებო ზონაში ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასა და მოსახლეობის ევაკუაციას. გადაუდებელი შემთხვევების დონეებია - ადგილობრივიდან ფედერალურამდე , რაც განისაზღვრება მსხვერპლთა რაოდენობისა და ზიანის მოცულობით. 

ცნობისთვის, 10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.

უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი