რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, აგვისტოს ომზე საუბრისას არგუმენტად "ქართული ოცნების" განცხადება წაიკითხა

გამოქვეყნდა:

გაეროში, რუსეთის ელჩის მოადგილემ,  დიმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრისას "ქართული ოცნების" განცხადება მოიშველია, სადაც ოლიგარქის პარტია რუსულ  აგრესიაზე პასუხისმგებლობას ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და რუსეთის ბრალეულობას ვერ ხედავს:

"ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს.

მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოგიდგენთ საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ციტატა შემდეგია: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე." - ციტატის დასასრული.

გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან სასაუბროდ." თქვა რუსეთის წარმომადგენელმა.

14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას.

ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე. დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები.

ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების წვდომა აღნიშნულ რეგიონებში" - აღნიშნა მალტის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ფრანჩესკა გატიმ.

გაეროში გამართული სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი