თანასწორობის სიმბოლოდ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ვაშინგტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. 

გინსბურგის საქმიანობა გამოირჩეოდა ქალთა უფლებებისა და ადამიანთა თანასწორობისათვის ბრძოლით. ხშირად მას ამერიკული სასამართლოს წამყვან ლიბერალურ სიმბოლოდ მოიხსენიებენ.

იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ. გინსბურგი სასამართლოს ლიბერალურ ფრთას წარმოადგენდა და იბრძოდა ყველაზე მწვავე სოციალური საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა - აბორტის უფლება, ერთსქესიანთა ქორწინება, ხმის მიცემის უფლება, იმიგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და, როგორც უკვე ვახსენეთ, ქალთა უფლებები. 

ამერიკელი პოლიტიკოსები და მოსამართლეები უკვე გამოეხმაურნენ გინსბურგის გარდაცვალებას და ამბობენ, რომ მისი სახით მსოფლიომ ისტორიული ფიგურა დაკარგა. 

უზენაესმა სასამართლომ დაკარგა უძვირფასესი კოლეგა. დღეს ჩენ ვგლოვობთ, მაგრამ თან გვჯერა, რომ მომავალ თაობებს ემახსოვრებათ რუთ ბეიდერ გინსბურგი, როგორც სამართლიანობის დაუღალავი და მტკიცე ჩემპიონი, - ამბობს მოსამართლე ჯონ რობერტსი. 

გინსბურგის გარდაცვალებას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა  Facebook-პოსტით. მისი თქმით, მოსამართლე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბარი, თუ ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი გახდებოდა თითოეული მოქალაქე. 

მომხდარის შესახებ Twitter-ზე დაწერა დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, გინსბურგის აზრები თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე ყველასათვის შთამაგონებელ იდეებად დარჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი