ევროკავშირიდან კვლავ კრიტიკული გზავნილები ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერის ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არასდროს გაიღება.
"ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე.
როცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ევროკავშირი გააღებს ყველა კარს, ეს პირდაპირი ტყუილია. ბრიუსელი არ წყვეტს წევრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს ყველა ქვეყანამ და თითოეულს ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება. როგორც გითხარით, თქვენ მეგობრები აღარ გყავთ, უნგრეთის გარდა. როგორ ფიქრობთ რამდენი ხელი აიწევა ჰაერში თქვენ გაწევრიანებაზე? არცერთი. ვინმეს უნდა ახალი უნგრეთი? პირწმინდად გატყუებენ." - აცხადებს ლიეტუველი პოლიტიკოსი.
მისი თქმით, ქართველ ხალხს რომელსაც ევროინტეგრაცია სურს დიდი შანსი აქვს რომ მოიგოს არჩევნები და კავკასია გახადონ ევროპული.
"ვიცი რომ თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენ გვეძახიან ბალტიისპირეთის ქართველებს. სომხები მოგყვებიან და თქვენ გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ კავკასია გახადოთ ევროპული. ეს არის თქვენი ტერიტორია და მოიშორეთ რუსები. ჩვენ თქვენი ისტორიიდან ვსწავლობთ, იყავით ამაყები და გახსოვდეთ, რომ ეს არის თქვენი ბოლო შანსი,"- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.