მაშინ როცა მმართველი პარტია ქართველ ხალხს დასავლურ მომავალს ართმევს, საკუთარი პირადი კომფორტისთვის სწორედ ევროპულ და ამერიკულ სიკეთეებს ირჩევს. "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" აქვეყნებს დეტალურ ანგარიშს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების პარალელურ რეალობას ასახავს.
რუსული კანონის მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ:
- ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
- გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
- ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
- ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
- ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას, შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
- ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაიბადნენ.
- დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
- ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
- მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.
როგორც აღმოჩნდა, „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული განათლებაც
- გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
- მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს. ამასთან, თავად მაკა ბოჭორიშვილს, 2018-2020 წლებში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა.
- ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
- როგორც დეპუტატი გიორგი(გია)ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს,მისმა შუათანა შვილმა სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში უმაღლესი განათლება მიიღო.სტუდია "მონიტორის" ინფორმაციით, სანდრო ვოლსკი აშშს მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში CULMEN INTERNATIONAL’-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
- გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
- სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს, თუმცა, საკუთარი კარიერის განმავლობაში, თავადვე უმუშავია საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთაც ეს კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად აცხადებს.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი . 2011-12 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
- 17 წლის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
- სხვადასხვა წლებში, გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის "სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა" ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
- სხვადასხვა წლებში, მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის "საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი" იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის "ორჰუსის ცენტრი" კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
- ბექა დავითულიანი იყო შპს "მედიაჰაუსი დეკომის" იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ "ლიბერალის" თანამშრომელი. შპს "მედიაჰაუსი დეკომი" აერთიანებდა ჟურნალებს "ცხელი შოკოლადი", "ლიბერალი" და რადიოს "ცხელი შოკოლადი".
- სხვადასხვა დროს, ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
- ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერთანამშრომელი, "ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის" მთავარი რედაქტორი.
- სხვადასხვა წლებში, სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთვარობის მიერ დაფუძნებული "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი "სპექტრის" პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
- ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID- ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2012-14 წლებში.