საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.
"მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რის გამოც მათი სასწრაფოდ დაჯილდოება დღეს არ შეიძლება. პირველი მიზეზი - ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამის მოწყობას ვაპირებ. მეორე - შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი - პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე, წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, როგორ შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ, ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე და პარაოლიმპიელების ცალკე. არა! არანაირი დისკრიმინაცია, ეს მიუღებელია, ყველას ერთად მივიღებთ. გელოდებით სექტემბერში. " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.