სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე. რა დროსაც სროლა განხორციელდა როგორც მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილის, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართაც.
მუთოშვილის დაკავებას აპროტესტებს მისი ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის და გომელაურის უწყება მათ ხელს აფარებს. ისინი საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ.
მიზეზი, რის გამოც ორი გვარი ერთმანეთს წლებია უპირისპირდება, 2019 წელს მომხდარი მკვლელობაა. 37 წლის ვისო მუთოშვილი დუისელებმა მოკლეს. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგებას თითქმის ორი წელია პანკისელი უხუცესები ცდილობენ. თავად, რომ ვერაფერს გახდნენ, ჩეჩნეთიდან 15 კაციანი დელეგაცია ჩამოიყვანეს. ჯოყოლოელებმა დუისელებს ვისურის სისხლი ამ დრომდე არ აპატიეს, პანკისში ყველა ოჯახმა და მათ შორის ყველა სამართალდამცავმა იცის, რომ მუთოშვილები ქავთარაშვილების სისხლის აღებას აპირებენ, ადგილობრივები შერიგებას სწორედ ამიტომ ცდილობენ, თუმცა პოლიცია გვარების დაპირისპირებაში არ ერევა და სისხლიანი ანგარიშსწორების მოლოდინში არ რეაგირებს.
ავოტრი: ია გულიაშვილი.