ევროპა თუ რუსეთი - 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია - განცხადებას "მთავართან" ინტერვიუში ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
ჟიგიმანტას პავლიონისი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს და ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება.
ევროკავშირში გაწევრიანების გზა სწორედ ქართულმა ოცნებამ დაბლოკა. თუ ოქტომბერში ხალხი ისევ მათ აირჩევს, საქართველო ევროკავშირში 2050 წელსაც ვერ გაწევრიანდება. ჩემი გამოცდილებით, გაფართოების კარი ევროკავშირში 20 წელიწადში ერთხელ იხსნება. ჩვენ გავწევრიანდით 2004 წელს და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ევროკავშირს ისევ გაეხსნა კარი. საბოლოოდ უკრაინულმა სისხლმა, უკრაინულმა თავგანწირვამ გახსნა ეს კარი. ქართულმა ოცნებამ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავალი წაერთმია. ახლა კი თავხედურად იტყუებიან, რომ თითქოს ევროკავშირის კარს აღებენ. როდესაც ქვეყანას ევროკავშირში იღებ, მის მთავრობას უნდა ენდობოდე. როგორ უნდა ენდოს ევროკავშირი ქართულ კოშმარს, როდესაც მან ამდენჯერ მოიტყუეს. გაწევრიანების პროცესი მთავრობათაშორისი კონფერენციაა და ერთი ქვეყანაც რომ წინააღმდეგი წავიდეს, პროცესი დაიბლოკება. თქვენს წინააღმდეგ კი ახლა 25 ქვეყანაა. უნგრეთს არ ვთვლი და სლოვაკეთზე მაქვს ეჭვები. ასე რომ, ქართულ ოცნებას ახლა აქვს ერთნახევარი ქვეყნის მხარდაჭერა. ევროკავშირში არავის სურს მეორე ორბანი. ამიტომაც ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია; იმიტომ რომ მე ვგრძნობ, რომ ქართულ კოშმარს საქართველო ბელარუსის სტილის მმართველობისკენ მიჰყავს." ამბობს პავილიონისი.
პავლიონისი "ქართულ ოცნებას" ქართული კოშმარის სახელით მოიხსენიებს და ივანიშვილის ხელისუფლების რუსული პოლიტიკის დადასტურებად მიიჩნევს 2008 წლის ომის თაობაზე ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა ომის დაწყებაში თავისივე ქვეყანას ადანაშაულებს და ოკუპანტი სახელმწიფოს გზავნილს იმეორებს.
"ნათელია, რომ ქართული ოცნება, იგივე ქართული კოშმარი კრემლის პროპაგანდისტული იარაღია. ისინი არ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. მათი განცხადებები რაც აქამდე მომისმენია - უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ - არის კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები. 2008 წლის ომის შესახებაც, მათი განცხადებები კრემლის პროპაგანდაა.
რუსეთს უნდა თქვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამისთვის ყველაზე მარტივი გზა არის მთავრობის ოკუპაცია. რუსეთი უკვე თბილისშია, ქართული კოშმარის სახით. იმიტომ რომ მათ უნდათ შავი ზღვის სანაპირო. უკრაინამ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და მათ სჭირდებათ თქვენი სანაპირო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოონ. კრემლისთვის ქართველები არაფერს წარმოადგენენ, მათ უბრალოდ შავ ზღვაზე უნდათ გასვლა. ამიტომ, სევდიანია იმის ყურება, რომ ქვეყანა, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო რუსული აგრესიის, ახლა კრემლის კორიდორად გადაიქცა. ქართული ოცნება ყველაფერს ათეთრებს, რასაც კრემლი აკეთებს; ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებენ რომ ხალხს კრემლი შეუყვარდეს. ერთადერთი, ვინც ახლა საქართველოსთვის იბრძვის - უკრაინაა. სანამ უკრაინა იბრძვის, რუსეთს არ აქვს საქართველოს ოკუპაციის საშუალება." განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.