
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასა და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რეგიონის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა შორეული აღმოსავლეთის სადისტრიბუციო ქსელის კომპანიის (ДРСК) ქსელებში და სპეციალისტები უკვე აწარმოებენ აღდგენის სამუშაოებს.
„ადგილზე არ არის აფეთქება ან გარე ჩარევების შედეგად შექმნილი საგანგებო მდგომარეობა, პრობლემის გამოსწორების სავარაუდო დრო დაახლოებით ერთი საათია“, - წერს რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
შორეული აღმოსავლეთის სადისტრიბუციო ქსელის კომპანიის განცხადებით, წინასწარი ვერსიით, "პრიმორიეში ელექტროენერგიის გათიშვის წინასწარი მიზეზი არის სახელმწიფო სტანდარტის რეგიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური შეფერხება."
ელექტროენერგია გაითიშა ვლადივოსტოკში, ნადეჟდინსკში, ფოკინოში, ნახოდკაში, არტიომში, ბარაბაში, უსურიისკში და სხვა რაიონებში, რეგიონში ელექტრომატარებლები გაჩერდა, გაითიშა შუქნიშნები, ბანკომატები, პრობლემა შეიქმნა მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებითაც.