"ვისაც ტროლ-ბოტები ჰყავს იმათ იდარდონ"| "მეტას" მხილების მიუხედავად, "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ დეზინფორმაციას არ ავრცელებენ

გამოქვეყნდა:

"მეტას" მხილების მიუხედავად, "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ტროლ-ბოტები არ ჰყავთ და რუსულ პროპაგანდას არ ავრცელებენ. პარტიის სახელით კომენტარი დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა და თქვა: 

"მეტას მიერ გაუქმებულ გვერდებთან, ტროლებთან თუ ბოტებთან  დაკავშირებით, მოდი, იდარდონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ბოტების ქარხნები აქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი გუნდის ლიდერები იქნება, თუ ჩვენი პარტიის ოფიციალური გვერდები, როგორ შემოესევიან ხოლმე აღშფოთებული ინდოელი და პაკისტანელი ექაუნთები და როგორ აჰაჰავებენ-იქნება თუ, რაღაცა კომენტარებს წერენ. შესაბამისად, ვისაც ეს ტროლები და ბოტები ჰყავს და ცდილობს დისონანსი შემოიტანოს ქვეყანაში, იმ ადამიანებმა იდარდონ. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეთი ექაუნთი არ არსებობს" - ამბობს გორდულაძე.

შეგახსენებთ,  "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" ათეულობით ანგარიში და გვერდი დახურა, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან იმართებოდა და "ქართული ოცნების" პროპაგანდაში იყო ჩართული.

ქსელი აქტიურად იყო დაკავებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების გაშავებით, ავრცელებდა ანტიევროპულ დეზინფორმაციას, აღვივებდა პოლარიზაციას საზოგადოებაში და აზიარებდა პრორუსი ოლიგარქის პარტიის მთავარ გზავნილებს. 

რუსეთიდან მართული იგივე ქსელი მსგავს დეზინფორმაციულ კამპანიას ეწეოდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც და მისი შეცდომაში შემყვანი გზავნილების რეკლამისთვის 80 000 დოლარამდე დახარჯა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ოცნების  ტროლების ქსელი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი