2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო მობილიზაცია იქნება. "შენი ხმა ევროპას" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ 26 ოქტომბერს არ მისცენ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება.
" სამართლიანი არჩევნები სრულმასშტაბიანი მისიით აკვირდება ამ არჩევნებს, ჩვენ დავიწყეთ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 73-ვე საარჩევნო ოლქში 1-ელი ივლისიდან. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება დამკვირვებლები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ძალიან მაღალია მომართვიანობა დაკვირვებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან საზღვარგარეთ, რათა მათ გაიარონ ის პროცედურები, რომელიც საჭიროა ხმის მიცემისთვის: საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომა, ან უბნის გახსნის შემდეგ უბანზევე რეგისტრაცია," - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
მისი თქმით, საზღვარგარეთ არსებობს ქალაქები, სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ ქალაქებში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ პლატფორმაზე "შენი ხმა ევროპას" - გაერთიანებულია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ ყველა უბანზე ეყოლებათ 1 წარმომადგენელი მაინც. ამასთან პლატფორმა მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის წარმოებასაც გეგმავს.