ახალი პოლიტიკური ალიანსი ოპოზიციურ ველზე - "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" დღეს პარტია "ევროპული საქართველო" შეუერთდა. 7 წლის შემდეგ, დღეს ამ ორი გუნდის ლიდერების ნაწილი ისევ გვერდიგვერდ იდგნენ. როგორც განმარტავენ, ახლა მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმია, რომლის წინააღმდეგაც ერთობაა საჭირო.
დღეს "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ყრილობა ჩაატარა, სადაც პარტიის გაფართოებასთან ერთად მთავარი საკითხი პარტიის შიგნით ახალი მმართველი ორგანოს, ეროვნული კომიტეტის დამტკიცება იყო, რომელსაც კობა ნაყოფია, მესამე პრეზიდენტის წარდგინებით უხელმძღვანელებს.
''მე ნაციონალური მოძრაობის რიგები არ დამიტოვებია, მოგეხსენებათ მე სადაც ვიყავი იქ ვარ და იქ ვრჩები. უბრალოდ შემოთავაზება შემოვიდა და შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დამეკავებინა გარკვეული პოზიცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით დისკუსია პარტიაშიც და შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციები წინა საარჩევნოდ'' ამბობს კობა ნაყოფია.