დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსული სამხედრო წვრთნები ტარდება. კრემლი ჯარისკაცებს სავარაუდოდ კურსკის ოლქში ფრონტის ხაზზე გასაგზავნად ამზადებს.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "უწყებათაშორისი ტაქტიკური წვრთნები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ატარებს“
წვრთნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმიც. ე.წ თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვევამდელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებულმა დანაყოფმა საცეცხლე მომზადება გაიარა.
ე.წ თავდაცვის მინისტრის ინალ საბანოვის გადაწყვეტილებით, გაიზარდა საბრძოლო მომზადების ინტენსივობა და წვევამდელებიც მაქსიმალურად არიან ჩართულნი საბრძოლო მომზადებაში.
წვრთნები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური თბილისის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია არცერთი განცხადება სადაც ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო წვრთნებს გმობენ.
უცნობია ჰქონდა თუ არა საგარეო უწყებას ამ პროვოკაციულ ფაქტთან დაკავშირებით კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან.