მასწავლებლის დღის აღნიშვნაში 2024 წელს სამინისტრო ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერის პირობების მიხედვით, მხოლოდ ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში სახელმწიფო 519 557 ლარს გადაიხდის. ირკვევა ისიც, რომ წელს არჩევნების გამო პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია ერთი თვით გადმოიწევს და 27 ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში ჩატარდება.
"სექტემბერში უფრო ბევრი დაინახავს და ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან პრემია დააწესეს და 10 საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინეს, ამის გამო ყველა მასწავლებელი მხარს დაუჭერს მათ. მაგათმა მასწავლებლებთან მაშინ წააგეს, როდესაც სახელფასო პოლიტიკა შექმნეს. გინდ პრემია დააწესე, გინდ ფესტივალი მოაწყვე, უკვე მნიშვნელობა არ აქვს," - აცხადებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი ლადო აფხაზავა.