
The Wall Street Journal-ი რადიკალური ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაურის, ფუად შუკრის ლიკვიდაციის დეტალებზე წერს და აღნიშნავს, რომ ისრაელმა ოპერაცია სადაზვერვო სამსახურებისა და ჰაკერების მაღალტექნოლოგიური ოპერაციის დახმარებით ჩაატარა. კერძოდ კი
ჰაკერებმა ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციების ქსელი გატეხეს და მისი ადგილსამყოფელი დაადგინეს.
გამოცემის ინფორმაციით, 30 ივლისის საღამოს შუკრი ბეირუთში თავის კაბინეტში იმყოფებოდა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, რა დროსაც მას დაურეკეს, რომ მეშვიდე სართულზე მდებარე საკუთარ ბინაში ასულიყო. Wall Street Journal-ის წყარო განმარტავს, რომ ჰეზბოლას მეთაური მაღალ სართულზე იმ მიზეზით აიყვანეს, რომ შენობაზე ზუსტი დარტყმა განხორციელებულიყო. მედიის ცნობით, დაღუპულია შუკრის ცოლი, ორი შვილი და ბინაში მყოფი კიდევ ორი ქალი.
ფუად შუკრი "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას მარჯვენა ხელი და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის ხელმძღვანელი იყო. ორგანიზაციას 1985 წელს შეუერთდა და ჰაჯ მოჰსინის სახელითაც მოიხსენიებდნენ.
მას "მოჩვენებაც" უწოდეს იმის გამო, რომ მისი ცხოვრება გასაიდუმლოებული იყო და მედიას დიდხანს არც მისი ფოტოსურათები ჰქონდა.
ჩნდებოდა მხოლოდ "ჰეზბოლას" ლიდერების მცირე წრის შეკრებებზე და შედარებით ფართო საზოგადოებამ 2024 წლის დასაწყისში იხილა, ისიც რამდენიმე წუთით, ძმისშვილის დაკრძალვაზე.
შუკრის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალები თვლიან, რომ სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება მაჯდალ შამსზე რაკეტების გასროლის შესახებ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ბავშვები, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
ცნობისთვის, შუკრის ლილკვიდაციიდან მეორე დღეს, 31 ივლისს, თეირანში ისმაილ ჰანიე, პალესტინის ჯგუფის "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, თუმცა ისრაელს ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
შუკრისა და ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ირანი და ჰეზბოლა ისრაელს საპასუხო შეტევებით დაემუქრნენ, მაგრამ ჯერჯერობით თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.