ქართული ოცნება რეგიონული რესურსის მობილიზებას იმ მერებს ავალებს, რომელთა მუნიციპალური უწყებების შესახებ საქმეები მთავარ საგამოძიებო უწყებაშია. საუბარია სულ 9 მუნიციპალიტეტზე, სადაც გამოვლენილი დარღვევები იმდენად მძიმე კატეგორიის აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურმა 2024 წლის პირველ კვარტალში გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა პროკურატურის მხრიდან, უცნობია. საქმეები სავარაუდოდ თაროზეა შემოდებული.
"მერები, რომელთა საქმიანობაც აუდიტის სამსახურმა შეაფასა, რომ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, გადაიგზავნა პროკურატურაში. ეს არის ზესტაფონის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალციხის და ა.შ.
ამ მერებს ქართულმა ოცნებამ ადგილებზე ჩააბარა არჩევნები. ჩვენ მივიღეთ ის, რომ არჩევნებს ჩაატარებენ მერები, რომელთა მუშაობაზეც მიმდინარეობს გამოძიებები და შესაბამისად, ეს ადამიანები არიან ძალიან მოწყვლადები, ანუ მათ თავზე კიდია სისხლის სამართლის საქმე და რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ორმაგად იმუშავებენ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ დაიჭიროს" ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე.
მაგალითისთვის, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა არამიზნობრივად გახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული; გამოსაძიებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის, ასევე ყაზბეგის მერის ბაკურ ავსაჯანიშვილის საქმეებიც. საუბარია ბიუჯეტის ფულის, დაახლოებით 190 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯებზე.
"მთავარი არხი" დასახელებული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ცდილობს. ერთადერთი, ვინც ამ დროისათვის კომენტარი გააკეთა ყაზბეგის მერია. ბაკურ ავსაჯანიშვილს ედავებიან არაავთენტური დოკუმენტების საფუძველზე თანხის გამოყენებას. აუდიტის სამსახურის ცნობით, ეს თანხები ირიცხებოდა მერის ოჯახის წევრების ანგარიშებზე. "მთავართან" საუბარში ყაზბეგის მერი ამბობს:
"რა სისხლის სამართლის საქმე, საიდან იგონებთ ამ სისულელეებს, ჩამოდით და გაერკვიეთ სად გადაეცა, რა გადაეცა" ამბობს ყაზბეგის მერი.