"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონულ ოფისს ამჯერად მარტვილში ხსნის. კოალიციის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივებს არსებულ პრობლემებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრნენ. მარტვილელების თქმით, მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბიდან თავის დაღწევას კი ადგილობრივები ემიგრაციაში წასვლით ცდილობენ, რაც რეგიონის დაცლას უწყობს ხელს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, მარტვილში, ისევე როგორც სხვა ქალაქებშიც არის ცვლილებების დიდი მუხტი
"ამ შეურაცხყოფაში, უარყოფით ენერგიაში, განვითარების პერსპექტივის უქონლობაში აღარ უნდათ ადამიანებს ცხოვრება," - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ნიკა მელიას თქმით, ხალხს სჭირდება რწმენის დაბრუნება, რომ სახელმწიფო სწორედ მოქალაქეებს ეკუთვნით.
"მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეიმედება კოალიცია ცვლილებისთვის, ეიმედება იმ გუნდის, რომელიც იასპარეზებს #4-ით. მჯერა როგორც არასოდეს, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. კიდევ უფრო მიხარია, რომ ხალხს ვხედავ დღითი დღე რწმენით აღსავსეს. ჩვენ დღეს გვჭირდება ვირწმუნოთ, რომ ეს სახელმწიფო გვეკუთვნის მოქალაქეებს. ორჯერ მეტი ვართ ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში სურს ცვლილებები. რა გვიშლის ხელს? სიზარმაცე? - არავითარ შემთხვევაში. ენერგიის ნაკლებობა? - არავითარ შემთხვევაში. რაოდენობრივად მეტნი ვართ. მაშასადამე დარაზმვა და 26 ოქტომბერს ძალიან დიდი სხვაობით გამარჯვება," - განაცხადა ნიკა მელიამ.
ზურაბ ჯაფარიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მარტვილის ტურისტული პოტენციალით სრულად ვერ სარგებლობს.
"ადგილობრივი მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი არც ინვესტიციების, არც განვითარების და არც ტურისტების, ტურიზმია მათი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. მაგრამ ითხოვენ კანონის დაცვას და მათი კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას. ადგილზე არიან პატარ-პატარა ოლიგარქები, რომელთაც ხელში უნდათ რომ ჩაიგდონ ის, რაც ამ მოქალაქეების საკუთრებაა და არა მათი და შემდეგ აქედან უნდათ ფულის შოვნა" - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.