"საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია ცხინვალისთვის" | ალან გაგლოევი

გამოქვეყნდა:

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთისთვის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი". ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ბელარუსთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ჯერჯერობით საუბარია კონტაქტებზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა მან.

ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ კითხვაზე გაგლოევმა უპასუხა, რომ "ამ დროისთვის ეს თემა დღის წესრიგში არ დგას“, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნო ოცნებაა

"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის დონე გულისხმობს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხების ერთობლივ განხილვას. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აგრძელებენ შემდგომი დაახლოების პოლიტიკას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში. თუ დადგება ისეთი პირობები, რომელიც გამოიწვევს რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხის აქტუალიზაციას, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს სტრატეგიულ პარტნიორთან. რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნო ოცნებაა", - განაცხადა მან.

თბილისთან კონტაქტების შესახებ შეკითხვაზე პასუხად გაგლოევმა განაცხადა, რომ საქართველო უკვე 15 წელია უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებაზე.

"გარდა ამისა, საქართველოში კვლავ მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბლოკადა ფაქტობრივად ქართული მხრიდან ხორციელდება. სამხრეთ ოსეთმა დიდი ხანია და შეუქცევად გადაწყვიტა მეგობრებისა და მოკავშირეების არჩევა. ჩვენი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა", - განაცხადა მან.

გაგლოევის თქმით, არსებობს  "გარკვეული პერსპექტივები" სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ლათინურ ამერიკაში, სადაც "მეგობრები ვენესუელასა და ნიკარაგუაში მზად არიან დაეხმარონ რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან კავშირების დამყარებაში".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი