"პირადი საუბრების გამო მთხოვდნენ განმარტებას" | სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდის შემთხვევები საჯარო რეესტრში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდა საჯარო რეესტრში - რუსთავის საჯარო რეესტრის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი ნონა ნინიაშვილი მის ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

ნინიაშვილი იმავდროულად "კოალიცია ცვლილებისთვის" და სიღნაღის საკრებულოს წევრია ოპოზიციიდან, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. 

"ჩვენი აქტიურობები, აქციაზე სიარული, ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული მასალები, ყველაფერი იშიფრებოდა და ამაზე ყოველთვის გვთხოვდნენ პასუხს. ვინც ხმამაღლა ვაპროტესტებდით არსებულ მდინარეობას, არსებულ რეჟიმს, თუნდაც რუსულ კანონს, იმ თანამშრომლებზე ყოველთვის ხორციელდებოდა ზეწოლა. " ამბობს ნინიაშვილი.

მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დისციპლინარული გადაცდომა ჩაუწერეს. 

ნინიაშვილი საჯარო რეესტრიდან  2015 წელსაც გაათავისუფლეს. მისი თქმით, მაშინაც პოლიტიკური ნიშნით, თუმცა სასამართლომ ის თანამდებობაზე აღადგინა. ნინიაშვილი სამართლებრივ დავას ამჯერადაც აპირებს. 

კიდევ ერთი შემთხვევა კი საჯარო რეესტრის თბილისის სამსახურს უკავშირდება. სამსახურიდან გათავისუფლებული მარიტა ჩხიკვაძე დისკრიმინაციაზე საუბრობს. მის შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთ საქმეზე სახალხო დამცველის მიერ დაწყებულ მოკვლევაში ის მოწმის სტატუსით ჩაერთო. 

"1 წლის წინ, ერთ-ერთი თანამშრომლის საქმეზე მოწმედ ვიყავი დასახელებული სახალხო დამცველთან. 2023 წლის აგვისტოში იყო, როდესაც მე და იურიდიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი გამოგვკითხა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა და ამის შემდეგ იწყება უკვე ჩვენი შევიწროება. ამ ორი თანამშრომლიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს ერთი თანამშრომელი, ხოლო ჩემზე იწყება დისციპლინური წარმოებები. 9 თვის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება, გამოკითხვაზე მიბარებდნენ საათობით. სურდათ დამეფიქსირებინა ის ახსნა-განმარტება რაც მათთვის იყო მისაღები. ახსნა-განმარტებებს მთხოვდნენ სამუშაო მაგიდასთან ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო. ეს შეიძლება ყოფილიყო ყოველდღიურ საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია. მაგალითად, რატომ ვთქვი სამუშაო მაგიდასთან კონკრეტული ფრაზა, რატომ ვთქვი ფრაზები სამზარეულოში, რომელ თანამშრომელთან რა კომუნიკაცია მქონდა და პირადი საუბრების გამო მთხოვდნენ ახსნა-განმარტებას, ჩემი გამოხატული აზრი არ იყო მისაღები მენეჯერებისთვის." ამბობს მარიტა ჩხიკვაძე.

"მთავარი არხი" ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა და პრესსამსახურისგან პასუხს ელოდება. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი