"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონებში შეხვედრებსა და ოფისების გახსნას განაგრძობს. კიდევ ერთი რეგიონული ოფისი ცოტა ხნის წინ ფოთში გაიხსნა, სადაც კოალიციის ლიდერები იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
"ყველა მუნიციპალიტეტში ჩასვლა და შტაბების გახსნა ეს არის პირველი ტალღის დასასრული. ჩვენი, ასე ვთქვათ, ტურნესი, საქართველოს ირგვლივ, შემდეგი იქნება ყველა სოფელში ჩასვლა, ყველა ქალაქში ჩასვლა. ეს უპირობოდ მოხდება, იმიტომ რომ გარდა სატელევიზიო კომუნიკაციისა, გარდა მედიასაშუალებებით კომუნიკაციისა, ადამიანებს სჭირდებათ უშუალო კომუნიკაცია, მათ სჭირდებათ უშუალოდ პასუხის გაცემა და ეს მნიშვნელოვანია. პოლიტიკა ამისგანაც შედგება, უფრო სწორად, პოლიტიკა პირველ რიგში ამისგან შედგება. სამეგრელოს რაც შეეხება, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში ასეთი განწყობაა ჩვენი კოალიციის მიმართ, "კოალიცია ცვლილებისთვის", ნომერი 4 ძალიან მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს სამეგრელოში. ფოთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია ამ გზაზე იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, სადაც რიონი უერთდება შავ ზღვას, სადაც სამი ქართული კუთხე ერთმანეთს უერთდება, ეს არის გურია, სამეგრელო და იმერეთი და სადაც საქართველოს კარიბჭეა ევროპაში. სადაც საქართველოც და ევროპაც ერთმანეთს უერთდება ფოთის მეშვეობით. ასე რომ, მე მგონია, რომ ეს ქალაქი უსამართლოდ დავიწყებული იყო დიდი ხნის განმავლობაში, კლანების საჯიჯგნად მიტოვებული, გასაცოცხლებელია, ასაშენებელია, გასაფართოებელია და მნიშვნელოვნად ასაწევია მისი როლი მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით", - ამბობს ნიკა გვარამია.
"კოალიცია ცვლილებისთვის", 4 ნომერი, ახლა უკვე წარმოდგენილი არის ქალაქ ფოთში. ქალაქი, რომელიც ოდითგანვე, საუკუნეზე მეტია, ევროპული იდეის მატარებელია, ევროპული კონცეფციის მატარებელია. ეს ქალაქი არ დაგეგმილა და არ აშენებულა საბჭოთა კავშირის დროს. ეს ქალაქი აშენდა ევროპისთვის და არის უტყუარი დასტური იმისა, რომ არამხოლოდ მომავალი უნდა გვქონდეს ევროპული, არამედ ჩვენი წარსული და იდენტობა არის უკვე ევროპული და ქალაქი ფოთია ამის ნათელი ილუსტრაცია. ფოთი იმსახურებს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საჭიროებს ცვლილებებს. და კოალიცია ცვლილებისთვის, 4 ნომერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფოთი იყოს ძალიან მდიდარი ქალაქი, არ შეიძლება ფოთში ვინმე ერთ ადამიანს მაინც უჭირდეს. თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამიტომ, ფოთში, ნომერი 4, კოალიცია ცვლილებისთვის, იბრძოლებს გამარჯვებისთვის", - ამბობს ნიკა მელია.