
"ქართული ოცნებისა" და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენების თანამშრომლობა გრძელდება. ტრადიციულად სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ყულაბა სწრაფი ტემპით იზრდება და ძირითადად იმ პირების შემოწირულობებით, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ხელისუფლებასთან. ამჯერად საუბარია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიაზე, რომელმაც 2013 წლიდან დღემდე მილიონ ლარზე მეტი შესწირა "ქართულ ოცნებას", თავად კი მთავრობისგან სარფიანი ხელშეკრულება მიიღო.
იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა. იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704,880 ლარს მიიღებს. ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2013 წლიდან დღემდე მმართველ პარტიას 1,500,000 ლარზე მეტი შეწირეს, მათ შორის 135,000 ლარი - მიმდინარე წლის ივლისში. სანაცვლოდ ბიზნესმენის კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებიდან 350 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული, მათ შორის 15 მილიონი - ბოლო 9 თვეში.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, მარიკა ბოლქვაძე