საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება - ნათქვამია ოლიგარქიის პარტიის ვრცელ განცხადებაში, სადაც "ოცნება" საკუთარ მიზნებსა და გეგმებს აღარ მალავს და ხსნის, რატომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილის კლანი "ნიურნბერგის პროცესის" მოწყობითაც იმუქრება.
"ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებასა და რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს აფასებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ოლიგარქის გუნდი ძალის ჩვენებაზეა გადასული და არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, მაგალითად, არ ესაუბრება ხალხს იმ გაჭირვებაზე, რაც ქვეყანაშია. მათივე თქმით, ეს განცხადება აჩვენებს, რომ "ოცნება", არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში სრული დიქტატურის დამყარებას აპირებს.