"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. ისინი 48-საათიან ვადას აძლევენ შსს-ს საქმეზე რეაგირებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ.
ოპოზიციის თქმით, ეს არ არის ახალი სცენა, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტებზე თავდასხმებს აწყობს და მსგავსი ტიპის შემთხვევები დემოკრატიული გარემოსთვის მიუღებელია.
ეს ყველაფერი აუცილებლად მძიმედ შემოუტრიალდება ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლების და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ცუცქირიძეს გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით თავს უცნობი პირები დაესხნენ. მას თავი აქვს გატეხილი და ტუჩი გახეთქილი. ცუცქირიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.