კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის სატელიტური სურათებზე აღარ ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულ ხიდთან აშენებული პონტონური გადასასვლელი. მის ადგილას კვამლი ფიქსირდება, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად.
მედიის ცნობით, ამას მოწმობს NASA FIRMS სისტემის მიერ 19 აგვისტოს გადაღებული ახალი სატელიტური სურათები.
გადასასვლელი მდებარეობდა სოფლებს - ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის. სოფელ გლუშკოვოს აღმოსავლეთით რუსი სამხედროების მიერ აგებული მეორე პონტონური გადასასვლელი სატელიტურ ფოტოებზე ჯერ კიდევ ჩანს.
რუსეთის არმიამ მდინარე სეიმზე პონტონური გადასასვლელების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთიდან შეუტიეს
ამ ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს. 16 აგვისტოს შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სეიმზე სამი ხიდი ააფეთქეს.
ხიდების ნგრევა ართულებს რუსული ჯარებისთვის იარაღის მიწოდებას და მკვეთრად ამცირებს მათი უკან დახევის ვარიანტებსაც.
გლუშკოვოს რაიონის სოფელ კარიჟის მახლობლად, მესამე და ბოლო ხიდზე გუშინ მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სეიმის გასწვრივ აშენებული პონტონური გადასასვლელები საკმარისი იქნებოდა რუსული ჯარებისთვის.