"კოალიცია ცვლილებისთვის" კამპანია სულ უფრო მასშტაბური ხდება. ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის ყველა რეგიონის ყველა რაიონულ ცენტრში გაერთიანების ახალი ოფისები იხსნება, სადაც მოსახლეობას ოპოზიციის ლიდერებთან პირისპირ შეუძლიათ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მრავლად დაგროვდა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" სამეგრელოში დღეს კიდევ ერთ, რიგით მეექვსე რეგიონულ ოფისს ხსნის. მარტვილის, ხობის, ფოთის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ, კოალიციის ლიდერები სამეგრელოს ცენტრში არიან შეკრებილი და მოსახლეობას ხვდებიან.
"რასაც დავთესთ ახლა, 26 ოქტომბერს, იმას მოვიმკით. ეს არის არჩევანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველებსა და ოლიგარქის მეხოტბეებს შორის. გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც გვსურს ცვლილებები... მიხარია, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტნი ვხდებით... ჩვენ დავრწმუნდით, რომ ამ ხელისუფლების გამოსწორება არის შეუძლებლი. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, უნდა შევცვალოთ ღირსებით, სიმართლით და პოლიტიკური კორუფციისგან დაცლილი სიმართლით", - ამბობს ნიკა მელია.
"ეს ჩემი კუთხეა ეს ის ადგილია საიდანაც გვარამიები მოვდივართ მართალია მე აფხაზეთიდან მოვდივარ მაგრამ ჩემი წინაპრემბი მოდიან სოფელი ზემო ეწერიდან. ეს არის ის ადგილი, საიდანაც მამაჩემი წამოვიდა და წამოიღო თავისუფლებისკენ სწრაფვა, საქართველოს დამოუკიდელობისკენ სწრაფვა, ზვიად გამსახურდიას მეგობრობა, პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის.. ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი და ხშირად, არასდროს არცერთი მეტრით, არცერთი ნაბიჯით არ გადასულა, არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, ოსმალურ თურქეთს ვგულისხმობ, დამპყრობლებისკენ.. ეს არის საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილი, საქართველოს კარიბჭე ევროპაში და იყო, არის და იქნება!.. აქ იწყება ევროპა, ევროპის კარიბჭე არის აქ და ზუგდიდით დაიწყება საქართველოს გაერთიანება დიდ ევროპულ წიაღში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები და ბავშვები, რომლებიც ახლა აქ დგანან, 5 წელიწადში ჯიბეში ედოთ ევროკავშირის პასპორტი. რომ 5 წელიწადში ჩვენი შვილების თაობა, ჩემი შვილები, მათ შორის, გახდნენ მსოფლიოს ნომერ პირველი მოქალაქეები. ერთადერთი, რაც ამას ახლა წინ უდგას, უდგას ვიღაც მილიარდერი, რომელიც ქართულ ზღაპრებში რომ დევები აზიან ხოლმე წყაროს და წყალს არ იძლევიან, ეგრე უღობავს ამას გზას. 5 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ადამიანები გახდებიან ევროკავშირის სრულფასოვანი მოქალაქეები და მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ამას ახლავს თან - დასჭირდებათ ევროპული განათლება, მიიღებენ ევროპულ განათლებას, დასჭირდებათ ევროპული ჯანდაცვა, მიიღებენ ევროპულ ჯანდაცვას, დასჭირდებათ სადმე მოგზაურობა, სწავლა, მუშაობა, ყველგან იქნებიან მსოფლიოს პირველხარისხოვანი მოქალაქეები. ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ 26 ოქტომბერს და ეს არის ის გუნდი, ლაკა [ელენე ხოშტარია] გვაკლია ახლა აქ, რომელიც საქართველოს შეიყვანს ევროკავშირში", - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"ივანიშვილი სამეგრელოში არის დასრულებული... "ქართული ოცნება" პოლიტიკურად სამეგრელოში არის დასრულებული, როგორც ზუგდიდში, ასევე აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. ერთადერთი, რამაც შეიძლება ის გადაარჩინოს, არის ჩვენი უმოქმედობა. მაგრამ დღევანდელი საღამოც არის ამის დასტური, რომ ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. აქ სადაც ევროპული იდეა ამ ქვეყნის არის ასეთი ცოცხალი და აქ, ზუსტად ზუგდიდში, საიდანაც აფხაზეთი არის ერთი ხელის გაწვდენაზე, კიდევ უფრო ცხადად ვხედავ იმ რისკებს, რომლის წინაშეც გვაყენებს ივანიშვილის მმართველობა", - ამბობს გიგა ლემონჯავა.