რატომ დისტანცირდა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი პარტიის პოლიტიკური ელიტისგან? ორგზის გადაყენებული ყოფილი პრემიერი საჯაროდ გამოჩენას ერიდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფაქტობრივად გამქრალია და საჯარო პოლიტიკის კეთება სრულად მოქმედი პრემიერის კლანს აქვს ჩაბარებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიზეზი კობახიძე-ღარიბაშვილს შორის დაუსრულებელი დაპირისპირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გამწვავდა, თუმცა ყოფილი პრემიერი ოლიგარქის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავს.
"მთავარი არხი" დღეს ღარიბაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მივედით "ოცნების" ცენტრალურ ოფისშიც, თუმცა სავარაუდოდ ღარიბაშვილი არც იქ იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბოლოს 8 აგვისტოს გამოჩნდა საჯაროდ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად. ის სასაფლაოზე ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად არ მისულა.
"მთავარმა არხმა" შეკითხვები ამ თემაზე "ოცნების" წარმომადგენლებსაც დაუსვა. ისინი ვერ ამბობენ, ბოლოს როდის ნახეს პარტიის ცენტრალურ ოფისში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კი, რომელიც ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა, გვპასუხობს, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოშია, თუმცა ბოლო პერიოდია არ უნახავს. ის რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს და ვარაუდობს, რომ ექსპრემიერი "მალე გამოჩნდება".
"ოცნების" წევრი ირკლი ქადაგიშვილი გვიმტკიცებს, რომ ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება და "ყველაფერი იქნება თავის ადგილზე".
"ქართული ოცნება" დღეიდან რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან იწყებს. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა იქ პარტიის თავმჯდომარე.