
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უახლესი F-35C გამანადგურებელი თვითმფრინავებით აღჭურვილი ავიამზიდი USS Abraham Lincoln გაგზავნა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იტყობინება.
გადამზიდს, რომელიც Carrier Strike Group 3-ის ფლაგმანია, თან ახლავს გამანადგურებელი ესკადრილია (DESRON 21) და საჰაერო ფრთა (CVW 9).
"F-35C და F/A-18 Block III გამანადგურებელი თვითმფრინავებით აღჭურვილი USS Abraham Lincoln-ი, უკვე შევიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (USCENTCOM) პასუხისმგებლობის ზონაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონმა რეგიონში თავისი სამხედრო ძალების გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის და ისრაელისადმი ირანის მუქარის გამო გადაწყვიტა.
ახლო აღმოსავლეთში იმყოფება ამერიკული ავიამზიდი Theodore Roosevelt-იც. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ბრძანებით, ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაიგზავნება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი USS Georgia-ც.