"ის, რაც მტერს ჩვენს მიწაზე მოჰქონდა, ახლა საკუთარ სახლში დაუბრუნდა. მან, ვისაც სურდა რომ ჩვენი მიწა ბუფერულ ზონად ექცია, უნდა იფიქროს, რომ მისი ქვეყანა არ იქცეს ბუფერულ ფედერაციად," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ 13 წუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. რომელიც მისი თქმით, რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონშია ჩაწერილი.
"სუმის რეგიონი. მოგრიცა. მდინარე ფსიოლი. ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. საზღვარი უკრაინასა და ტყვეობას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის წამოწყებით უკრაინამ მსოფლიო გააოცა, რუსეთის მთავრობამ კი კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
"33 წლის წინ უკრაინა ხელახლა დაიბადა მსოფლიოს რუკებზე და დღეს უკრაინა იპყრობს მსოფლიოს გულებს. გამბედაობით შთააგონებს. უკრაინა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. და ის აერთიანებს დედამიწას საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა მოისვენონ და არა ვალდაიში. აღარავინ იტყვის მსოფლიოში: "სად არის უკრაინა?" რადგან ყველა კონტინენტზე ახლა ამბობენ: "უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს". ეს ენერგიით ავსებს ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენს უკრაინას", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს და უცხოელს, ვინც იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას და პირობა დადო, რომ რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
"უკრაინელები ყოველთვის აბრუნებენ ვალს, ვინც ჩვენს მიწას უბედურება უსურვა, მას სახლში მიიღებს დამატებითი პროცენტებით. ვისაც სურს ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვა, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს არ არის წინასწარმეტყველება, არც სხვისი უბედურებით სიხარული, ეს არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის კანონზომიერება. სამართლიანობა. ბუმერანგი ბოროტებისთვის". - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.