რუსული ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელეს.
გათავისუფლებულთა შორის არიან ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინულ ქვედანაყოფებს, რომლებიც გაცვლის ფონდს რუსი ტყვეებით ავსებენ.
"ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას რუსული ტყვეობიდან.მადლობა ჩვენს გუნდს და პარტნიორებს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, რომ ჩვენს ხალხს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს," - განაცხადა ზელენსკიმ.
გათავისუფლებულთა შორის ასევე არის მარიუპოლის 82 დამცველი (მათგან ორმოცდაათი იცავდა "აზოვსტალს") და ეროვნული გვარდიის გარნიზონის ჯარისკაცები, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.
საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ ბევრ ჯარისკაცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორც ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების გამო, ასევე ტყვეობის პერიოდში რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უგულებელყოფის გამო.