"ოცნების" დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო ტურნეს ისევ ტყვიაგაუმტარი შუშით აგრძელებს - 25 აგვისტოს ის სიტყვით გამოვიდა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ტრიბუნა მმართველი პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა. ივანიშვილმა ისევ ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საჭიროებაზე "დამნაშავეების" გასამართლებისა და მკაცრად დასასჯელად.
"ოცნება" ოპონენტებს ისევ ემუქრება, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი კოალიციური მმართველობა იქნება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის რეგიონებში ვიზიტიც ცხადყოფს, რომ მას სინამდვილეში არჩევნების ეშინია და იცის, რომ პარტიის მხარდაჭერა მაღალი არაა.
"ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც მას აქვს. ქუდზე კაცი ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ. ის ერთი მხრივ ანუგეშებს თავის მხარდამჭერებს, მეორე მხრივ ცდილობს დაიყოლიოს ადამიანები, რომ საარჩევნო სიაში, მაგალითად, 73-ედ რომ წერენ რეგიონის წარმომადგენელს ქართული ოცნების სახელით, იმ ადამიანს აღარ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს ეს კატეგორიაც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში. შეუძლებელია შენ გინდოდეს ევროკავშირის წევრობა და ამ დროს იმუქრებოდე, რომ პოლიტიკური ყველა განსხვავებული მოსაზრება იქნება გაუქმებული და ყველა პარტია იქნება განადგურებული. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი საუკეთესო ჩვენი საერთაშორისო ჩვენი ქომაგები, ერთად, იტყვის თავიანთ სიტყვას 26 ოქტომბერს", - თქვა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.
კოალიცია "ერთიანობის" ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ოცნებას" მხოლოდ ძალადობის რიტორიკა აქვს და შეუძლია დიქტატურა დაანონსოს, თუმცა ხალს ევროპისკენ სვლა აქვს გადაწყვეტილი.
"ის არის შეშინებული ადამიანი, ის არის მშიშარა ადამიანი და ბუნებრივია ეს მისი შიში გამართლებულია, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს, გადაწყვეტილი აქვს რა უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს რუსი ოლიგარქი დასრულდება და ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეების ინტერესს მოემსახურება.