NATO-ში საქართველოს ახალი ელჩი მთავრობას კვლავაც არ წარუდგენია. მოქმედ ელჩს, ვიქტორ დოლიძეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ვადა მინისტრთა კაბინეტმა ერთხელ უკვე გაუხანგრძლივა. მას ვადა 21 სექტემბერს ამოეწურება.
NATO-ში ახალ ელჩად თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოიაზრებდნენ და ამას არც ბურჭულაძე უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ახალი ელჩების დანიშვნაზე არჩევნებამდე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული პრეზიდენტსაც.
ბურჭულაძემ დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ნატო-ში საქართველოს ელჩი იყო. ის ამბობს, რომ პირადად პრემიერ კობახიძისგან მიიღო შეთავაზება და იცის, რომ გუნდთან შეთანხმებული იყო პოზიცია.
ბურჭულაძის თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე "ოცნების" წარმომადგენლებთან საუბარი აღარ ჰქონია.
"პირობა არ წამიყენებია, რა თქმა უნდა, არასდროს რომ დავტოვებდი და თუ რაიმე შემოთავაზებას მივიღებდი, ეს შემოთავაზება იყო, თავისთავად, მე ამას დავთანხმდი და თუ რაიმე შეიცვლება, ამაშიც ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. მე მივიღე პირადად ირაკლი კობახიძისგან შემოთავაზება და როგორც ვიცი ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება. მე გუნდთან ბოლო პერიოდში არ გამივლია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია, ალბათ კიდევ ერთხელ მექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია გამოვხატო. რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის ხელმოწერას, ეს დამოუკიდებელი საკითხია და მე როგორც ვიცი, ამ ბოლო პერიოდში მე ვერ ვიხსენებ აქტს, რომ ხელი მოეწეროს პრეზიდენტს ახალი ელჩის ევროპაში დანიშვნაზე", - თქვა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე ამბობს, რომ არ იცის პირადად მასთან დაკავშირებით რა აზრისაა პრეზიდენტი და ვერ იტყვის მოაწერს თუ არა პრეზიდენტი აღნიშნულ განკარგულებას ხელს.