"ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა შემართების დროა... არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა შემართების დროა... არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს:

მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დრო არის შემართების და ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციების შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა. 

უმძიმესი გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია. პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა... ამიტომ, მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი. არავინ დარჩება სახლში. ეს იქნება ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ქვეყანაში. 26 ოქტომბერი არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოპროევროპულებით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის, - ამბობს ზურაბიშვილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი