საპატრიარქო ადასტურებს, რომ ხელისუფლება მათ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ახლა საპატრიარქოში მსჯელობენ, რა ფორმით უნდა მოხდეს შემოთავაზების ფორმულირება. საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს.
„ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს.
რაც შეეხება ფორმულირებას - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს. " ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მეუფე ზენონ იარაჯული ოლიგარქის ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი, რაც ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებას გამოიწვევს. მეუფე ზენონი არ გამორიცხავს აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი იყოს:
"საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.
ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.
თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას." წერს მეუფე ზენონი.