ოლიგარქის მორიგი ტრიუკი - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლების გეგმას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება იქნება "ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა", მისი აზრით ამ ნაბიჯით ივანიშვილი არჩევნებში "ქართული ოცნების" ჩამორჩენის გადაფარვას ცდილობს.
"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმიდათა წმიდა - ზიარება.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი.
ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. თავისი ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში მისი პარტიის ჩამორჩენა ოპოზიციასთან შედარებით. მისი აზრით, ალბათ შეიქმნება ეკლესიის საქმეთა სამინისტრო და სურს დანიშნოს "თავისი კაცი", რომელიც გააკონტროლებს ეკლესიას. ამ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე! ეს არის გამარჯვების გზა." - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.