
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირები საპატრიარქოში შეკრებას და მართლმადიდებელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლებისეულ ინიციატივაზე მსჯელობას დღეს 14:00 საათზე გეგმავენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მღვდელმთავრები უცნობია, თუმცა გასულ დღეებში საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადება, რომ არსებული სამართლებრივი მოდელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
თეოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების ეს ინიციატივა ნაკარნახებია საპატრიარქოზე მაქსიმალური კონტროლის მოპოვების სურვილით.
"21 საუკუნეში მსოფლიო პირიქით მიდის იქითკენ, რომ ის სახელმწიფოები, სადაც არის სახელმწიფო რელიგიები, ან აუქმებენ, ან ფაქტობრივად გამოცლილი აქვს რეალური განხორციელების პრაქტიკა. ჩემი აზრით ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ ასეთი რამე არ გააკეთოს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩემი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრით, ეს არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის იქნება დამაზიანებელი, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც," - აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე.
ავტორი: დავით კობიძე