"ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით ამაზე" | გამოცხადდება თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად და როგორი იქნება ხელისუფლების ინიციატივაზე ეკლესიის პასუხი

გამოქვეყნდა:

 

გამოცხადდება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად და როგორი იქნება ხელისუფლების ინიციატივაზე ეკლესიის პასუხი - ამ თემაზე დღეს საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და იურისტები მსჯელობენ.

სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შესვლამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ მოსაზრებას ინიციატივის დეტალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებენ.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის გრიგოლ ბერბიჭაშვილის თქმით, თავის დროზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებისას საუკეთესო ვარიანტი იქნა შერჩეული.

"მეც მოარული ხმებით ვიცი ყველაფერი, გავარკვევ და გეტყვით... როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური შეთანხმების თემა, მანამდე ყველა საკითხი იქნა გავლილი და საუკეთესო იქნა შერჩეული," - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი, რომელიც კონკორდატის გაფორმების პერიოდში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა და მუშაობდა სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტების ჩამოყალიბებაზე აცხადებს, რომ ის ადრეც და ახლაც წინააღმდეგია, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი.

"ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით ამაზე და მეც წინააღმდეგი ვიყავი რომ ოფიციალურ რელიგიად არ გამოცხადებულიყო, ახლაც ისეთივეა ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია მიწერია წიგნებში, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი."- განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

ავტორი: დავით კობიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი