საქმეს, რომელზეც ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. კიკილაშვილი ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოშია და დღეს რუსულ კანონს განიხილავს.
რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას - საუბარია ხაჩიძე-ხაჭაპურიძეების ოჯახის საქმეზე, რომელშიც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებდა. ამჟამად ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. საქმე კი 2016 წლის 26 აგვისტოს, გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტს ეხება, როცა 13 წლის არასრულწლოვანის მშობლების თქმით, ბავშვს მიქაუტაძემ სცემა.
მიქაუტაძემ პოლიციაში განაცხადა, რომ მასზე ბავშვის მშობლებმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. მოზარდის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე მალევე სისხლის სამართლის 365-ე მუხლის (სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით მუქარისა ან ძალადობის) ბრალდებით დააკავეს. მოზარდის მამა ერთ დღეში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დედა კი სასამართლო განხილვამდე, 21 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ხელვაჩაურის სასამართლომ 2018 წლის 23 ივლისს, ხაჭაპურიძე და ხაჩიძე სსკ-ის 239-ე მუხლით, ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და ჯამში ორივეს ერთად 3 000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იყო.
ხაჭაპურიძემ და ხაჩიძემ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.