საკონსტიტუციოში, მერაბ ტურავასა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლე მერაბ ტურავასა და მოსარჩელე ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურავამ ბესელიას მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან მოპასუხე მხარე, ანუ პარლამენტის წარმომადგენლები ბავშვებად მოიხსენია, შენიშვნა გამოთქვა. ტურავას თქმით, მხარეებმა დისკრიმინაციისგან თავი უნდა შეიკავონ და ეს სასამართლოს შეურაცხყოფაა.

ეკა ბესელიას თქმით კი მერაბ ტურავა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და სიტყვა „ბავშვი“ დისკრიმინაციული არაა.

- პროცესის არცერთ მონაწილეს არ აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პროცესის სხვა მონაწილის მიმართ დისკრიმინაცია, თუნდაც ასაკის გამო, გამოხატოს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქალბატონო ეკა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენთ და პროცესის მონაწილეებზე ამბობთ, ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლაო, ეს არის დისკრიმინაცია ასაკის გამო, გთხოვთ ამისგან თავის შეიკავოთ თქვენც და ყველამ. სასამართლოს შენობაში დისკრიმინაცია ასაკის გამო პროცესის მონაწილეებს შორის ჩვენთან დაუშვებელი, მიუღებელი სტანდარტია, - განაცხადა ტურავამ.

- ბატონო მერაბ, მედიასთან რა განცხადებას ვაკეთებ, ამის რევიზიას აკეთებთ? ეს არ არის თქვენი მანდატი. „ბავშვები“ არაჩვეულებრივი სიტყვაა. მე ბავშვები მიყვარს. თქვენი მანდატი არაა და ჩემს გამოხატვის თავისუფლებაში ნუ ერევით.რას ვიტყვი მედიასთან, ეს თქვენი განსახილველი არაა. დაიცავით კონსტიტუცია, ამისთვის ხართ აქ. ამისთვის მოგეცით ხმა თავის დროზე. ბავშვი არ არის დისკრიმინაცია, ბავშვი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვა. გუშინ არ იყავით აზრის პოლიცია, როდესაც დარბაზში არასწორი პროცესი მიგყავდათ. არ არის ეს დისკრიმინაციული, ეს არის შეფასება, ვინ უნდა წარმოადგენდეს პარლამენტს ასეთი სიმძიმის კანონთან დაკავშირებით. როდესაც ამ საკითხზე არ იღებს პასუხისმგებლობას ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო და ასეთ სიმძიმეს აკისრებს იმათ, ვინც არაფერ შუაშია - ამაზეა საუბარი, - უპასუხა ბესელიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი