
გამწესრიგებელი სხდომა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 აგვისტოს დასრულდა და სასამართლო სათათბიროდ გავიდა. მოსამართლეთა პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას და განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
როგორ ჩაიარა გამწესრიგებელმა სხდომამ და გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო - შეფასებები და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სიმართლე პარლამენტის მხარესაა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო, ამასთან პრემიერი ირაკლი კობახიძე კანონის მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიულ კომპეტენციასაც უწუნებს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედებას შეაჩერებს.
"საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა თავი არ შეიკავოს აქტის მოქმედების შეჩერებისგან. შეიძლება ეს ჩემი ზედმეტი იმედის საფუძველზე ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განხილვით აშკარად გამოჩნდა, რომ ეს სადავო ნორმები აუცილებლად უნდა შეჩერდეს," - აცხადებს მაია კოპალეიშვილი.
"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ გარდა იმისა, რომ შეაჩერონ და შემდგომში არაკონსტიტუციურად ცნონ მთელი კანონი.
"იმდენად დასაბუთებული და არგუმენტირებული იყო და იმდენად არაკონსტიტუციურია ეს კანონი, გაკეთილშობილება პრაქტიკულად შეუძლებელია, მოსამართლეებს არ რჩებათ სხვა გადაწყვეტილების ალტერნატივა, გარდა იმისა რომ შეაჩერონ და შემდგომში არაკონსტიტუციურად ცნონ მთელი კანონი" - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
ავტორი: დავით კობიძე