"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას საოლქო საარჩევნო კომისიების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დაკომპლექტებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას საოლქო საარჩევნო კომისიის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ გაერთიანების ლიდერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და განაცხადეს, რომ "ოცნება" ცდილობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები  პარტიული ნიშნით დანიშნოს. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აკონტროლონ პროცესი და ცესკოს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა "სტრატეგია აღმაშენებლიდან" ანა კობახიძემ შესაბამის მაგალითებზეც ისაუბრა.

"სამგორში აირჩიეს "ქართული ოცნების" წევრის ქეთევან ჩარკვიანის თანაშემწე, მარნეულში არჩეულია ადამიანი, რომელიც საჯაროდ აზიარებს ქართული ოცნების ლიდერების მხარდამჭერ პოსტებს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არჩეულია საკრებულოს წევრების შვილები," - განაცხადა ანა კობახიძემ.

საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში ჩართვას კანონი არ კრძალავს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს მავნე პრაქტიკით ხორციელდება, საჯარო მოხელეები უმეტეს წილად მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული და მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. ოპოზიციის განცხადებით, ასე არჩეული კომისიის წევრები უბნებზე არსებულ დარღვევებზე არასდროს რეაგირებდნენ და იღებდნენ მმართველი პარტიისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის ბრალდებებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებები ყველა არჩევნების წინ ისმის, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ცესკოს საქმიანობა მაღალპროფესიულად არის შეფასებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი