ოპონენტების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ დაანონსებული პოლიტიკური რევანში ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამერიკელი დიპლომატები და ექსპერტები საქართველოში შემდგარ ავტორიტარიზმზე საუბრობენ და აშშ-ის მწვავე რეაქციის მოლოდინში არიან.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელის ჯონ ჰერბეტსის თქმით, ჩინეთს და რუსეთს სურთ, საკუთარი ბანაკი საქართველოს დამატებით გაზარდონ, ამ გზაზე კი მათთვის მთავარი პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არ სურს ტირანიის ქვეშ ცხოვრება.
"შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ დიქტატორებს გართობა სურთ. დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად. რასაც ისინი ამერიკის ჩარევას უწოდებენ, ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის მხარდაჭერაა. ხალხს კი საქართველოში ნამდვილად არ სურს ტირანიის ქვეშ ცხოვრება. ავტორიტარიზმის ხელშეწყობის მიზნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რუსეთი და ჩინეთი ერთად მუშაობენ. არ არსებობს, როგორც ისინი უწოდებენ, ციტატა : „ამერიკის მიერ მხარდაჭერილი, პროვოცირებული რევოლუციები“, ციტატის დასასრული. არსებობს მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ისევე, როგორც სხვა ერების მიმართ, როცა ისინი ცდილობენ, დაიცვან საკუთარი დემოკრატიული უფლებები. ახლა ჩინეთს და რუსეთს სურთ, საკუთარი ბანაკი საქართველოს დამატებით გაზარდონ. ერთადერთი მთავარი პრობლემა რაც მათ წინაშეა, არის ის, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელსაც არ სურს ტირანიის ქვეშ ცხოვრება,"- განაცხადა ჯონ ჰერბეტსმა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი მიიჩნევს, რომ პეკინისა და მოსკოვისთვის საქართველო ახალგაზრდა ავტორიტარიზმია და მის წახალისებას ცდილობენ.
"დღეს პეკინიც და მოსკოვიც საქართველოში ხედავენ მთავრობას, რომელიც დასავლეთის, შეერთებული შტატების, ღიაობის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ არის განწყობილი. ისინი ხედავენ ქვეყანას, რომელიც ავტორიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ მისწრაფვის. საქართველო მათთვის სტუდენტი, ახალგაზრდა ავტორიტარიზმია და მის წახალისებას ცდილობენ. მათი სურვილია ოპოზიციის აღმოფხვრა . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი სურვილი, ერთპარტიული დიქტატურის დამყარებაა,"- აღნიშნა იალოვიცმა.
NDI- საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორტონი ამბობს, რომ ამ დრომდე არ გაუგია, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს დაპირებით, რომ ავტოკრატიას აამოქმედებს.
"მსგავსი რამ არასდროს მსმენია. არასდროს გამიგია , პოლიტიკურმა პარტიამ ან კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს დაპირებით, რომ ავტოკრატიას აამოქმედებს, ჩამოართმევს ოპოზიციას უფლებებს და მანდატებს, ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ პარტიას. მოვისმინე, რომ ქართულმა ოცნებამ ამის გამართლება მოლდოვის მაგალითად სცადა . მოლდოვაში ეს მოხდა იმ პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა რუსეთისგან, ქვეყნის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ. წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ მტკიცებულებები, რომ ეს პარტიები დაფინანსებას საქართველოს მტრისგან იღებენ? ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი? არ ვიცი, რეალურად რის გაკეთებას აპირებენ, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, მაგრამ რაც ვიცი და რისი იმედიც მაქვს ისაა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად ხედავს, რა არის ბიულეტენზე,"- აცხადებს თორტონი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს და ეს მათი პროპაგანდის ნაწილია.
"საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმის შესახებ მუქარას კიდევ უფრო ამძაფრებს, გასაოცარია, რომ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება დაპირებას, რომ უკანონოდ გამოაცხადოს პოლიტიკური პარტიები და დაასრულოს დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ.
რუსეთი ქმნის ცრუ ნარატივებს, საბაბს, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს იმის ასახსნელად, რის გაკეთებასაც აპირებს. ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია. ამერიკას არ გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, არც ვარდების რევოლუცია საქართველოში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვინმესთვის, ქართველები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, რუსეთი კი ცდილობს ამ ცრუ ნარატივებით საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, უბიძგოს მას, კიდევ უფრო ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას."- აღნიშნა ფრიდმა.
აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" ნამდვილად განახორციელა სახიფათო ქმედებები, აშშ-ის რეაქცია მწვავე იქნება.
"როცა პრემიერ-მინისტრი კობახიძე აფრთხილებს ოპოზიციას, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ აკრძალავს , ეს სახიფათოა. ეს ჩემთვის ფაშიზმს გავს. თუ მსგავსი რამ მოხდა, ჩვენ მწვავე რეაქცია გვექნება," - განაცხადა უილიამ კორტნიმ.