ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას საოლქო საარჩევნო კომისიის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. გაერთიანების ლიდერები აცხადებენ რომ "ოცნება" ცდილობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები პარტიული ნიშნით დანიშნოს და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებენ აკონტროლონ პროცესი და ცესკოს მანიპულაციის საშუალება არ მისცენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს.
კახაბერ ხვთისავრიშვილი - პარლამენტის წევრის, ქეთევან ჩარკვიანის პირადი თანაშემწეა. "ქართული ოცნების" დეპუტატის კაბინეტის წევრი არჩევნებს 26 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით დააკვირდება. თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვინც საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ამ სტატუსით მიიღებს. ირკვევა, რომ ორდღიანი გასაუბრების შედეგად ოპოზიციამ 39 არჩეული კანდიდატიდან 32 წევრის ხელისუფლებასთან კავშირები აღმოაჩინა. უდიდესი ნაწილი საჯარო მოხელეა და სხვადასხვა ფორმით ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.
საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში ჩართვას კანონი არ კრძალავს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს მავნე პრაქტიკით ხორციელდება, საჯარო მოხელეები უმეტეს წილად მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული და მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.