"მივიღეთ მართლა ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება" | "ეკო ცენტრი"

გამოქვეყნდა:

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკო ცენტრი" აცხადებს, რომ რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრირდებიან, რადგან რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ჯარიმის მიღება სამომავლოდ მათი "ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს". თუმცა, ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ არჩევნების შემდეგ ეს კანონი არ გაუქმდა, მუშაობას არ გააგრძელებენ და დაიხურებიან.

იხილეთ განცხადება:

"ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ იხურება რუსული კანონის გამო.

თუ არჩევნების შემდეგ ეს კანონი არ გაიწვიეს, ვხურავთ ოფისს და მოვიფიქრებთ, რა გზით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას (თუ ეს საერთოდ შევძელით).

თუმცა, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სახელით ეს არ იქნება. ამიტომ უკვე დიდი ხანია ახალ პროექტებს არ ვწერთ.

არჩევნებამდე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ველაპარაკოთ გარემოს დაცვის და ძლიერი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე.

ასევე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს დაპირებას და 20 ოქტომბრის ჩათვლით მოტანილი პლასტმასისა და მაკულატურის სანაცვლოდ, ოქტომბრის ბოლოს გავცემთ ნერგებს და ასევე, გავამწვანებთ რუსთავის ჭალის ტყეს (დიახ, მათ შორის ასეთი საქმიანობისთვის გვრაცხავენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად).

რადგან რუსული კანონის გაწვევის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჯარიმის მიღება სამომავლოდ ჩვენი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს და ამიტომ მივიღეთ მართლა ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება. თუმცა, არჩევნების შემდეგ, თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ორგანიზაციულ მუშაობას არ გავაგრძელებთ.

ჰოდა, ამ მავნებლური კანონის უტიფარი დამცველები რომ აფრიალებენ 233 ორგანიზაციაა უკვე დარეგისტრირებულიო, ეს არ ნიშნავს, რომ 233 აგრძელებს მუშაობას და ეთანხმება კანონს. თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ვიხურებით ამ კანონის გამო!"

რუსული კანონი ძალაში 3 ივნისიდან შევიდა, მიუხედავად მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებებისა, უკან გაეწვიათ ის. კანონის მიხედვით, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" აცხადებს და მათ ავალდებულებს რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით, გარდა ამისა, ორგანიზაციებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ.

ამ კანონის გამო შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი