გვინდა, რომ ქართველებმაც დაინახონ, რომ ჩვენ გვაღელვებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გვინდა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დემოკრატიისკენ და ევროპული ორიენტაციისკენ - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" მასპინძლობენ.
"მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა შესანიშნავი ხალხით და ამ კონფერენციით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველო ჩვენი ქვეყნების ყურადღების სფეროში იყოს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმაც დაინახონ, რომ ჩვენ გვაღელვებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გვინდა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დემოკრატიისკენ და ევროპული ორიენტაციისკენ. წლევანდელ კონფერენციას ჰქვია „გადამწყვეტი წელიწადი“. ოქტომბერში თქვენ გაქვთ არჩევნები, ჩემს ქვეყანაში ნოემბერში ვირჩევთ პრეზიდენტს და ჩვენ მეგობარ ქვეყნებშიც იყო არჩევნები, მაგალითად დიდ ბრიტანეთში აირჩიეს ახალი მთავრობა. ასე რომ, ეს მართლაც გადამწყვეტი წელიწადია და ამიტომაც ვართ აქ.
გასულ წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ცვლილება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა. ამას მოჰყვა პრემიერმინისტრის ცვლილება და ის კანონმდებლობა, რომელმაც დიდი უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საქართველოს შიგნით და ასევე ამ ქვეყნის მოკავშირეებში, მოსკოვის მხრიდან კი მისი მხარდაჭერა დავინახეთ. მე ვთვლი, რომ ეს კანონი არის დიდი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ, თუმცა ასევე ვთვლი, რომ ეს არის შეგნებული ნაბიჯი და არა დამთხვევა. ასე რომ, გასულ წელთან შედარებით ცვლილებებს ვხედავთ და ეს ცვლილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯები.
ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არაბრძნული ნაბიჯია. ქართულმა ოცნებამ ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს და თან კონსტიტუციური უმრავლესობა უზრუნველყოს თავისთვის, მაგრამ ყველა ოპოზიციურ პარტიის გაუქმებისა და პარლამენტარების გაძევების შესახებ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს პარტია, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს. ასე რომ, მე არა მგონია, ეს რიტორიკა იყოს სწორი. მე მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რიტორიკა შეიძლება იყოს მძაფრი, მაგრამ ასეთი საუბარი არა მგონია, რომ იყოს კარგად მიღებული საქართველოში ან საქართველოს მეგობარ ქვეყნებში.
საქართველოს მეგობარი არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს ახლა, არის რუსეთი და არა მგონია, რომ ამ ქვეყნის მეგობრები მოსკოვში ისხდნენ. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდზე მეტი დოლარი ჩადო, რათა საქართველოში განვითარებულიყო დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ინსტიტუტებზე და სწორედ ეს არის მეგობრობა. ამიტომ, შეერთებული შტატების დასახელება, როგორც გლობალური ომის პარტიის ნაწილისა, ჩემთვის არის როგორც აბსურდი, ასევე შეურაცხყოფა.
გლობალური ომის პარტია ზის მოსკოვში და სწორედ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არა შეერთებული შტატები. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში ეს ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ არა ვართ დაინტერესებულები ამ ომის გაფართოებით და იმის თქმა, რომ აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას ასევე არის სრული ნონსენსი."- განაცხადა დევიდ კრამერმა.