არასამთავრობოების უმრავლესობა აგენტად რეგისტრაციაზე უარს ამბობს | საფრთხედ სახელდება, რომ იუსტიციას უკვე აქვს უფლებამოსილება, შეუზღუდავი ინფორმაცია მოიპოვოს ორგანიზაციებზე

გამოქვეყნდა:

დღეს აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადაა. სწორედ დღევანდელი დღის ჩათვლით შეუძლიათ ორგანიზაციებს "გამჭვირვალობის რეესტრში" დარეგისტრირება. იუსტიციის სახლის ფილიალები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არასამთავრობოების დიდი უმრავლესობა რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.

"უარს ვამბობთ რეგისტრაციაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის უკანონო, რუსული, მიმართულია საქართველოს მომავლის მოსპობისკენ, ქვეყნის იზოლაციისკენ და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის რეალურად  ამოქმედდეს. საკონსტიტუციოს გარდა არსებობს გაცილებით ეფექტური მექანიზმები და ჩვენ მასზე ვაკეთებთ აქცენტს ვიდრე ადგილობრივ სასამართლოებზე, რომელზეც სამწუხაროდ ხელისუფლებას გავლენა საკმაოდ დიდი აქვს," - აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ ღირსების შემლახავ კანონს.

"ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  99%, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ "რუსულ კანონს", იმიტომ, რომ ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ ნაბიჯების გადადგმა და იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია." - განაცხადა ევგენიძემ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღეიდან უკვე იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება რომ შეუზღუდავი ინფორმაცია მოიპოვოს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელზეც რუსული კანონის მოქმედება ვრცელდება.

"დღეიდან უკვე იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, რომ ე.წ მონიტორინგის ფარგლებში ფაქტობრივად შეუზღუდავი ინფორმაცია მოიპოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებზე. მაგალითად მედიასაშუალებების წყაროებზე, საჯარო უწყებების თუ მოხელეების მამხილებლებზე  და ა.შ. დღეიდან სამინისტროს ასეთ ინფორმაციაზე აქვს წვდომა, რაც ცხადია, არის სერიოზული პრობლემა," - აღნიშნა იმნაძემ.

რეგისტრაციას არ აპირებს არც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

"ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი