სამწუხაროდ ახლა უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება, იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა | ლინას ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ ახლა უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება, იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა "თბილისი რუმსში" განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" მასპინძლობენ. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებია.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, რომელიც ახლა შვედეთში ლიეტუვის ელჩის პოსტს იკავებს, თუ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ თავისი მუქარა განახორციელა, ევროკავშირის წინაშე საპასუხო ქმედებების საკითხი დადგება.

"ბოლო პერიოდში ახალი არაფერი გვინახავს. ახალი მხოლოდ ის არის, რომ არჩევნები ახლოვდება და თუ მმართველმა პარტიამ თავისი მუქარა შეასრულა და აკრძალა ოპოზიციური პარტიები, ასევე უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ძალაში შევიდა და სამოქალაქო საზოგადოება დააზარალა, მაშინ სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ამის შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ევროკავშირის წინაშე დადგება საკითხი, თუ როგორ უპასუხოს ამას.

სანქციები საკმარისი არ იქნება, იმიტომ რომ საჭირო იქნება ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონტაქტების შენარჩუნება. მე კოლეგებს ვესაუბრე და სამწუხაროდ ახლა უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება. თქვენ იცით, რომ იქ სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ არის, პოლიტიკური პარტიები გაუქმებულია, ოპოზიციონერები ქვეყნიდან არიან გაქცეულები ან ციხეში სხედან. იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა." - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში  უილიამ ტეილორი მიიჩნევს, რომ საქართველოში ახლა მთავარი გამოწვევა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს  "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი საქართველოში ლორა თორტონიც

"მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის წინაშე ეგზისტენციალური შეკითხვა დგას. აქ არ არის საუბარი ეკონომიკურ პოლიტიკაზე ან ჯანდაცვაზე, არამედ საუბარია იმაზე, არის თუ არა საქართველო დემოკრატია, არის თუ არა ის დასავლური სამყაროს ნაწილი." - აღნიშნა თორტონმა.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი