
“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებენ. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განსახორციელებელ პროექტებზე, ინვესტიციებსა და სხვა შემოთავაზებებზე საუბრობენ.
"26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე არჩევანი არის ძალიან მარტივი და ძალიან მკაფიო. ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში თუ სიღატაკეს იზოლაციაში. ვირჩევთ ევროპულ პენსიას, თუ მოცემულობას, სადაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საპენსიო სესხები. რომელთა საპროცენტო განაკვეთი აღემატება 4-ჯერ საბაზრო განაკვეთს. დიახ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მოსახლეობის მას აქვს 4-ჯერ უფრო დიდი საბანკო წნეხი, ვიდრე სხვა საქართველოს მოქალაქეს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ და ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1000 ლარს.
ვირჩევთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, თუ ვირჩევთ მოცემულობას, სადაც საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლეობა უმუშევარია. რადგან დაუშვებელია ჩავთვალოთ ანაზღაურებად 300-ლარიანი ხელფასი. დიახ, ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაშინ როდესაც ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები დღითიდღე უფრო მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა.
ვირჩევთ ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას, თუ იმ მდგომარეობას, როცა 10-დან 7 ბავშვს ქართულ საჯარო სკოლაში შია. როცა ჩინოვნიკები მდიდრდებიან, საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ დავნერგავთ უფასო ბავშვთა კვებას ყველა საჯარო სკოლაში. ეს საპილოტე პროგრამაა უკვე წარმატებით ხორციელდება წალენჯიხაში." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დეტალურ გეგმას, როგორ მიიღწევა ყველა დაპირება არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას უახლოეს დღეებში გააცნობენ.
"უახლეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან დეტალურ გეგმას, როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, როგორ ვაპირებთ ოჯახები გავაერთიანოთ, როგორ ვაპირებთ ემიგრანტები დავაბრუნოთ უკან, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილები შევქმნათ, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ. ამას ჩვენი პროფესიონალების გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ, იმისთვის რომ ცალსახა და ცხადი იყოს არჩევანი,
რის წინაშეც ვდგავართ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.